უნდობლობა, ლოჯისტიკური პრობლემები და გართულებული პროცედურები–რატომ ფერხდება Covid19-ის ვაქცინაცია ევროპაში

ევროპაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. იმ დროს, როცა ბრიტანეთსა და აშშ–ში უკვე მოსახლეობის 1–დან 2%–მდე აცრეს, ისრაელში კი 16%, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ ახლა იწყება.

ყველაზე უკეთესი სიტუაცია გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაშია, მაგრამ ეს ქვეყნებიც ვაქცინაციის ტემპებით ახლოსაც არ არიან მსოფლიო ლიდერებთან.

საფრანგეთში,  სადაც მოსახლეობა ვაქცინაციას სკეპტიციზმით ეკიდება, ნამდვილი სკანდალი ატყდა. ჰოლანდიაში კი ვაქცინაცია სულ ორი დღის წინ დაიწყეს – ანუ ორი კვირის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც ვაქცინა ევროკავშირში გამოჩნდა.

რატომ ფერხდება ევროპაში ვაქცინაცია?

უნდობლობა ექიმების მიმართ

საშობაო დღესასწაულების დასრულებისთანავე, 27 დეკემბრის დილით პარიზის ჩრდილო–აღმოსავლეთით, პატარა ქალაქგარე საავადმყოფოში 78 წლის მორისეტმა საფრანგეთში პირველმა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის დოზა. როგორც ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ “ცნობილი“ გახდა.

რამდენიმე დღეში მორისეტი მართლაც გახდა პოპულარული, თუმცა სხვა მიზეზით. ფრანგებმა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ნაწყვეტები ნახეს, სადაც ჩანს, რომ ქალი ვაქცინაზე კითხვებს სვამს. ამის საფუძველზე ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ საავადმყოფომ მორისეტს ვაქცინაზე სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. მოგვიანებით ექიმები ამტკიცებდნენ, რომ პაციენტმა ვაქცინაციაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ჭორები ვეღარაფერმა შეაჩერა. განხილვებში აქტიურად ჩაერთნენ არა მხოლოდ შეთქმულების თეორიების მოყვარულები, არამედ სხვებიც.

პირველი ხუთი დღის მანძილე საფრანგეთში აცრა სულ 516 ადამიანს გაუკეთეს. ამ მომენტისთვის მეზობელ ბრიტანეთში უკვე 130 ათასი ადამიანი იყო აცრილი. 5 იანვრის მდგომარეობით, ვაქცინის პირველი დოზა 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო.  ეს კი ქვეყნის მოსახლეობის სულ 0.01 პროცენტია.

ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპი საფრანგეთში პრეპარატის დეფიციტით ვერ აიხსნება. ამ მომენტისთვის ქვეყანაში 560 ათასი გამოუყენებელი დოზა ინახება. ქვეყნის ხელისუფლება პირობას დებს, რომ იანვრის ბოლომდე საფრანგეთი ვაქცინაციის ტემპებით მეზობლებს დაეწევა, თუმცა გეგმის შესრულება ადვილი არ იქნება.

ბოლო კვლევების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 39% არის მზად ვაქცინაციისთვის.

ვაქცინაცია კი სავალდებულო ვერ იქნება და ექიმები და პოლიტიკოსები საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ მის აუცილებლობაში, რაც პროცესს ნამდვილად ვერ დააჩქარებს.

რთული პროცედურა ჭირდება ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთა აცრას. მათ ექიმის კონსულტაციის შემდეგ დრო უნდა მისცენ მოსაფიქრებლად, ასევე აქვთ უფლება ვაქცინაციაზე ახლობლის დასწრება მოითხოვონ, რაც ამ ვითარებაში შეუძლებელია.

ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მძიმე ვითარება ხელისუფლების ბრალია, რომელსაც საზოგადოებასთან დიალოგი არ შეუძლია, არადა საფრანგეთში კორონავირუსით უკვე 66 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, გავრცელების მიხედვით კი ქვეყანა 6–ე ადგილზეა მსოფლიოში.

საფრანგეთი თებერვლის ბოლომდე მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა ექსპერტებს ამ გეგმის რეალურობაში ეჭვი ეპარებათ. 140 ქვეყანას შორის, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა, საფრანგეთი ვაქცინაციისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ უპირობო ლიდერია.

რეკორდსმენები და აუტსაიდერები

გარდა იმისა, რომ საფრანგეთში სპეციფიური პრობლემები არსებობს, ეს ქვეყანაც ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსად აშშ–სა და ბრიტანეთისგან განსხვავებით უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ყველა ახალმა სამედიცინო პრეპარატმა ევროპის ბაზარზე ჯერ ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზევე ევროკავშირსა და აშშ–ბრიტანეთს შორის აცდენა მოხდა. Pfizer – BioNTech–ის ვაქცინა ევროკავშირში ბრიტანეთზე სამი კვირით, აშშ–ზე კი ათი დღით  გვიან– 22 დეკემბერს დააამტკიცეს. ისევე, როგორც Moderna–ს ვაქცინა.

Economist წერს, რომ ევროპელებს მათმა სტრატეგიამაც შეუშალა ხელი. ადრეულ ეტაპზევე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინას კოლექტიურად შეიძენდნენ. ამით ისინი ხელსაყრელი პირობების მიღწევას ვარაუდობდნენ, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. საბოლოოდ ევროპელებმა დაახლოებით 2 მილიარდი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირში მცხოვრები ყველა ადამიანი რამდენჯერმე აიცრას, თუმცა, ჯერჯერობით აღიარებული Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა მცირე რაოდენობით არის შეძენილი.

რატომ არ შეექმნათ პრობლემები სხვა ქვეყნებს?

ვაქცინაციის ტემპებით აბსოლუტური რეკორდსმენი მსოფლიოში  ისრაელია.ის ერთ სულ მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით აშშ–საც უსწრებს.  ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა თავიდანვე კარგად იყო მომზადებული მსგავსი ღონისძიებებისთვის.

ვაქცინის ტრანსპორტირების ლოგისტიკური ნაწილით სახელმწიფო იყო დაკავებული. მას შემდეგ კი, რაც ამპულები ქვეყანაში შევიდა, ექვსმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გაავრცელა.

“ისრაელის ჯანდაცვის სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ  ყოველ მოქალაქეს საკუთარი თერაპევტი ყავს, რომელსაც იცნობს და ენდობა. ყოველი პაციენტისთვის ელექტორნული ფაილი არსებობს, რომელშიც მის შესახებ ბოლო 20 წელში დაგროვილი ინფორმაცია ინახება. მას შეგვიძლია ნებისმიერ დროს დავუკავშირდეთ.“ – ამბობს პანდემიის საკითხებში ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტი და სახელმწიფოს მრჩეველი რან ბალისტერი. მისი თქმით, ისრაელის მოქალაქეები საკუთარ ჯანდაცვის სისტემას ენდობიან.

ევროკავშირში ჯერჯერობით ვაქცინაციის ტემპებით გერმანია ლიდერობს, სადაც ვაქცინაცია საფრანგეთის მსგავსად 27 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად ვაქცინა 316 ათას ადამიანს აქვს უკვე მიღებული, ძირითადად ხანდაზმულთა თავშესაფრების ბინადრებს.

ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემური აღმოჩნდა გერმანიის ხელისუფლებისთვის. ერთია სპეციალიზებულ ცენტრებში ვაქცინაციის ჩატარება, ბევრად უფრო რთული კი სხვადასხვა წერტილებში მობილური ბრიგადების გაგზავნაა.

გერმანიაში ვაქცინაციის ტემპით ბევრი უკმაყოფილოა. ოპონენტები ხელისუფლებას შეყოვნებაში ადანაშაულებენ. ზოგი ვაქცინის წარმოების მოცულობის დაბალ მაჩვენებელზე აკეთებს აქცენტს, თუმცა რეალურად ამჟამად საქმე არა ვაქცინის რაოდენობაში, არამედ მის სწორად გავრცელებაშია. მაგალითად, გერმანიაში ამ დროისთვის 1.3 მილიონი აუთვისებელი ვაქცინის დოზა ინახება.

ექსპერტების თქმით მთავარი პრობლემა ლოჯისტიკაა. ბევრი ევროპული ქვეყანა ისრაელისგან განსხვავებით ვერ ჩამოყალიბდა, როგორ უნდა მოხვდეს ვაქცინა საბოლოო მომხმარებლამდე.

მართალია შესყიდვები ცენტრალიზებულია, დისტრიბუციით ხშირად ადგილობრივი ხელისუფლებები არიან დაკავებული. შედეგად, მაგალითად ესპანეთში ვაქცინა ქვეყნის მაშტაბით არათანაბრად ნაწილდება.

მადრიდმა გასულ კვირას მისი პირველი პარტიის მხოლოდ 6% გამოიყენა, ისევე, როგორც კატალონიამ. მთელიანად ესპანეთში კი ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ვაქცინის მარაგების 18% გაიხარჯა.

ევროპელ ლიდერებს შორის არის იტალია, რომელიც გერმანიას ფეხდაფეხ მიყვება. აქ 178 ათასი ადამიანი აცრეს, თუმცა ეს 60 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის მხოლდ 0.3%–ს შეადგენს. პოლიტიკოსები ამას ვაქცინის გალღობისთვის აუცილებელი დროის საჭიროებით ხსნიან. ასევე იმავე პრობლემით, რაც საფრანგეთშია – ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთა ნებართვის მიღება აქაც რთული პროცედურაა.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ პრობლემაა პერსონალის და ვაქცინის შესაყვანი სპეციალური ნემსების უკმარისობაც. იტალიის ლომბარდიის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს გადადგომისკენაც კი მოუწოდეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ექიმების და ექთნების შვებულება შეეწყვიტა საავადმყოფოებში მედპერსონალის უკმარისობის გამო. არადა იტალიის სხვა რეგიონებში  სამუშაოდ პენსიაზე დიდი ხნის წინ გასულ ექიმებსაც კი დაუძახეს.