უცხოელებთან მისვლა საკმარისი არაა, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ – მეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე

მეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას სთავაზობს, მოსალაპარაკებლად სასულიერო პირებთან მივიდნენ, თუ უცხოელების დახმარება გაერთიანებისთვის საკმარისი არ არის.

“ჩატარდა არჩევნები, მე არ შევეხები იმას, არ ვაპირებ მტყუან-მართალი ვარჩიო. არჩევნებმა არ უნდა გაგვყოს, არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. არ შეიძლება ასე გაყოფა ეს არის მტრობა, ვინც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ.

ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არც ერთ მხარეს ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ.”,- ამბობს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეხვედრების მესამე რაუნდი ახლო მომავალში გაიმართება, რაზეც ოპოზიცია მთავრობის კომპრომისის მოლოდინშია. არცერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ხელახალი არჩევენების ჩატარებას ითხოვენ.