ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა. პარტიის, ერთ-ერთი წევრი, კახა კოჟორიძე აცხადებს რომ პროკურატურა ვალდებულია გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყოს, გამოძიების არდაწყება კი  კანონმდებლობისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება.ჩვენ, როგორც იურისტები, ვამბობთ პირდაპირ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”, – განაცხადა კოჟორიძემ.

ცნობისთვის,შაბათს, 6 მარტს,  ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და   სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე  საუბრობენ.  ტვ პირველის თქმით,  აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი  ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.