ფეიკია, ჩაუწერეს და მისი სახელით დადეს – ოხანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაქცინების მალტისთვის თხოვნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას “ფეიკს” უწოდებს.

„მე როგორც ვიცი, ფეიკია ეს, ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს. არასერიოზულია ეს განცხადება. მოდი ასე დავსვათ საკითხი – მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება, ამიტომ ეს არასერიოზულია,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს. როგორც სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” სააკაშვილი წერს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო.

საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.