ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”, წულუკიანი ამბობს, რომ პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს

“თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერაარ იქნება, იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი” – ეს განცხადება,  კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნულმა, მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ტელეწამყვანის კითხვაზე : ექნება თუ არა მინისტრის მხარდაჭერა ისეთ ხელოვანებს, რომლების კლიშეებს ანგრევენ, ამის მაგალითად კი ტელეწამყვანმა, ქართულ-შვედური ფილმი, “და ჩვენ ვიცეკვეთ”  მოუყვანა.  წულუკიანმა, მხარდაჭერა არ გამოუცხადა და ფილმი იმ ტიპის საკითხების “პროპაგანდირებას” დაუკავშირა, რომელიც თავად არ მოსწონს.

“გააჩნია, რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას. მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, ეს ფილმი ფინანსდებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან. მე ეს არ ვიცი. მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. და ამ ახალგაზრდა თაობებში, ალბათ, ცალკე კიდევ ყორადღების მისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. იმისათვის, რომ მათ იცოდნენ, მათი მშობლიური ადგილი აფხაზეთი იქნება თუ ცხივალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს ჩემი გადმოსახედიდან”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, ლევან აკინის ქართულ-შვედურმა კოპროდუქციამ, ქვიარ თემაზე შექმნილი დრამამ, “და ჩვენ ვიცეკვეთ” მაღალი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი 14 მიმოხილვაზე დაყრდნობით ფლობს 93%-ს. 2019 წლის ივლისში, ფილმს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა, აგრეთვე გაიმარჯვა „საუკეთესო ფილმისა“ და „მსახიობის“ კატეგორიებში. იმავე წლის ოქტომბერში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ Iris Prize-ის ფესტივალის საუკეთესო ფილმად დასახელდა.

ასევე, ცნობილი ამერიკული ჟურნალი The New Yorker თავის მკითხველებს ლევან აკინის ქართულენოვანი ფილმის,  “და ჩვენ ვიცეკვეთ”  ნახვას ურჩევს.

“სტერეოტიპულად, ქართული ნაციონალური ცეკვები მასკულინობის მნიშვნელოვანი გამომხატველია. მოძრაობები საბრძოლო, მამაკაცური ხასიათისაა.  ისინი აღწერენ ომს, ნადირობას, ქალის მიმართ სურვილსა და სიყვარულს. საცეკვაო  სამოსის ნაწილია ორპირიანი ხანჯლებიც, რომლებიც ლაკონიურად გადმოგცემენ ქართველების სიამაყეს ისტორიისა და ტრადიციების მიმართ”,  –  წერს The Newyorker ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2019 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა. 8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში  საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა ფილმის ქართულმა პრემიერამ. თუმცა ყველაზე მეტად, დაძაბული ვითარება, კინოთეატრ “ამირანთან” იყო,  სადაც ჩვენების ჩაშლის მოთხოვნით პოლიციის კორდონის გარღვევას ჰომოფობიური ჯგუფების წევრები ცდილობდნენ. ადგილზე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა რომლევსაც, სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.