ფოტოგრაფმა ბრეგვაძემ პოლიციელებს უთხრა, რომ შაქარაშვილს და მის მეგობრებს საერთოდ არ იცნობდა. ნაწყვეტი პოლიციელის ჩვენებიდან

იმ ეკიპაჟის პოლიციელის ჩვენებიდან, რომელმაც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა, ირკვევა, რომ მან პოლიციელები მოატყუა. პოლიციელი ამბობს, რომ მან ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან დატოვა. ჩვენებაში ნათქვამია, რომ ბრეგაძემ პოლიციელებს უთხრა, თითქოს საერთოდ არ იცნობდა იმ ხუთ ახალგაზრდას, ვინც მერსედესის მგზავრებმა სცემეს. ანუ შაქარაშვილს და მის მეგობრებს, რომლებთან ერთადაც წვეულების შემდეგ ხიდზე ერთად მოდიოდა, ვისთან ერთადაც ფოტოებს იღებდა და ლისზე წასვლას გეგმავდა წვეულების გასაგრძელებლად. პოლიციელის ჩვენების მიხედვით ბრეგვაძემ მათ უთხრა, რომ დასავლეთიდან თბილისში ავტოსტოპით მოდიოდა, და მის წინ მიმავალ უცნობ ბიჭებს მერსედესის მარკის მანქანიდან გადმოსულმა პიროვნებებმა გინება და ჩხუბი დაუწყეს, რის შემდეგაც მას შეეშინდა, გაიქცა და დაიმალა.