ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვის გამო, პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს. დაკავებულს გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღია უკანონო შეძენა-შენახვის მხილებით მიმდინარეობდა და შმაგი მუთოშვილი სწორედ ამ საქმის ფარგლებში დააკავეს.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, საქმე ეხება 29 ივლისს, ღამით, სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

შმაგი მუთოშვილის ძმა, ვისო მუთოშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლეს. ერთმანეთს ორი გვარი ქავთარაშვილები და მუთოშვილები დაუპირისპირდნენ.