ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა აიღო.

“მეოთხე ბრაიტონი” (Brighton 4th) – ასე ქვია ფილმს, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის გარდა, ჯილდო აიღო მთავარი როლის შემსრულებლისა (ლევან თედიაშვილი) და საუკეთესო სცენარისთვის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში. ფილმში ერთ-ერთ როლს კახი კავსაძეც ასრულებს.

ლევან კოღუაშვილი, რომელსაც საქართველოს პირველი არხი დაუკავშირდა, აცხადებს, რომ „მეოთხე ბრაიტონი“ ბოლო კინოროლი იყო კახი კავსაძისთვის.

„ცხადია, კახი განსაკუთრებული ფენომენია, განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის და ის ფაქტი, რომ ბატონმა კახიმ ბოლო როლი ჩვენთან ითამაშა, კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა, ალბათ. მგონია, რომ ძალიან საინტერესო და თავის სტილში შექმნილი როლია, რომელიც თან ექსცენტრულია, თან რეალისტური, თან ძალიან მსახიობური, თან ძალიან ადამიანური, როგორც მხოლოდ მას შეეძლო და ალბათ ამით იყო გამორჩეული, უნიკალური მსახიობი ქართულ კინოსივრცეში და არა მარტო. ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზეა, თან კახიმ და მისმა შვილმა, ირაკლიმ ერთად ითამაშეს. ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია ეს ფილმი, მამა-შვილის ურთიერთობა ჩემი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე, რადგან მამა დავკარგე „კოვიდის“ პერიოდში და ბევრი ფაქტორია, რაც გაერთიანდა ამაში. კახი რომ არის, სხვა ელფერი აქვს ამას და სხვა სიხარული“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.

ტრაიბეკას კინოფესტივალის განცხადებით, დაჯილდოებულები წელს ყველაზე მრავალფეროვანი შემსრულებლებისგან შედგება და მათზე საპრიზო ფონდიდან დამატებით 165 000$ განაწილდა.

ფესტივალი ცნობილმა კინომსახიობმა რობერტ დე ნირომ და პროდუსერმა ჯეინ როზენთალმა 2002 წელს დააარსეს ქვემო მანჰეტენის კულტურული და ეკონომიკური გამოცოცხლებისთვის. დღესდღეობით ის დამწყებ თუ დამკვიდრებულ კინოხელოვანებს აერთიანებს პრემიერების, გამოფენების, შეხვედრებისა და ცოცხალი შესრულების ერთობლიობით.

წყარო: ამერიკის ხმა