ქართული ოცნების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ კარუსელებს – სამოქალაქო პლატფორმა 2020

სამოქალაქო პლატფორმა 2020, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, 19:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, დამკვირვებლებმა “ქართული ოცნების მხრიდან ე.წ. კარუსელის რამდენიმე ფაქტი” გამოავლინეს:

  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.03 უბანზე დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემისა და ყუთში ზედმეტი კონვერტების ჩაყრის ფაქტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.23.55 უბანზე დაფიქსირდა მარკირების შემოწმების პროცედურის გარეშე უბანზე შესვლის ფაქტი, ასევე ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტი. კომისიის თავმჯოდომარემ და მდივანმა არ მიიღეს დამკვირვებლის საჩივარი რეგისტრაციაში;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N14.23.55 არაუფლებამოსილი პირები ამომრჩევლებთან ერთად შედიან კაბინაში. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ უბანზე ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირების პროცედურა და ადგილი აქვს ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემას;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.02 უბანზე ჩანაწერთა წიგნში მითითებული გადასატანი ყუთის ლუქის ნომერი არ ემთხვევა რეალურად გადასატანი ყუთის ლუქის ნომერს;
  • ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N26.67.47 უბანზე  კომისიის რეგისტრატორი წევრი შეგნებულად არ აწერდა ხელს ბიულეტინზე ამომრჩევლის რეგისტრაციისას.
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.36 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.83 ამომრჩეველთა სიის კედლის ვერსიაში მითითებული ამომრჩევლის გვარის  გასწვრივ მიწერილია, რომ ამომრჩეველი იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა მოცემული ამომრჩევლის გრაფაში გაკეთებულია ხელმოწერა.