“ ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში“ – კალათბურთელ შენგელიას მამა

ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი. უნდა გაგვიხარდეს, რომ  თორნიკე ასეთ კლუბში მოხვდა, – ამის შესახებ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მამამ “მთავართან” საუბრისას განაცხადა

„ძნელია სამწუხაროდ ჩამოშორება, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია. ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. სამწუხარია, თუ ასე ფიქრობს და რავიცი, ალბათ კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი“, – ამბობს კახა შენგელია. 

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა–ში გადასვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმაც კი გააკეთა. მან  “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ მისთვის ეს ფაქტი სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა. ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენგელიას “ბასკონიასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა, “მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს”.