“ქართულ ოცნებას უნდა ახსოვდეს, რომ სანქციების პრეცედენტი რეგიონში უკვე არსებობს“– დევიდ კრამერი

საქართველოს მეგობარმა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა და ფრიდომ ჰაუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ კრამერმა მთავარი არხის ეთერში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს და რომელშიც საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან კავშირებზეა საუბარი:

“ასეთი წერილი ძალიან უჩვეულოა. მათი შეშფოთება გამოწვეულია უცხოური ინვესტიციების და ამერიკული კომპანიების შევიწროებით, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან და ირანთან კავშირებია. ეს არის ძალიან უჩვეულო ამბავი. კონგრესმენები, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან მიმართავენ სახელმწიფო დეპარტამენტს. ამაზე ოფიციალური თბილისიც უნდა დაფიქრდეს.

მე ვფიქრობ ბოლო წლების განმავლობაში ვაშინგტონის ერთ–ერთი მთავარი წუხილი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად მოსკოვთან ურთიერთობები დაელაგებინა, მცოცავი ოკუპაცია გრძელდებოდა. რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის ხელშეკრულებას  განაგრძობს საქართველოსა და უკრაინაზე ზეწოლას. ბუნებრივია, რუსეთი მუდმივად თქვენი მეზობელი იქნება და მთავრობა ეცდება მასთან ურთიერთობის მოწესრიგებას, მეორეს მხრივ არის იმედგაცრუება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ. ამერიკას ორი წელი არ ყავდა ელჩი, მაგრამ ახლა თქვენ უკვე გყავთ ამერიკის წარმომადგენელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მუდმივად იქნება ფოკუსში.

ოქრუაშვილი და უგულავა პრეზიდენტმა გაათავისუფლა, მაგრამ პრეზიდენტისთვის ისინი პოლიტპატიმრები არ არიან, არცერთი კარგი სიტყვა არ უთქვამს. გათავისუფლებულებს შორის არ არის გიორგი რურუა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მისი პროცესიც პოზიტიურად დასრულდება, რადგან ოპოზიციის თქმით სწორედ ამ სამ ინდივიდზე იყო საუბარი, მათ გამოშვებაზე, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება გაფორმებულიყო.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საქართველოში უნდა იყოს უკეთესი საარჩევნო მოდელი, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტქარული. ოქტომბრის არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი. და ვფიქრობ პანდემია ხელს არ შეგვიშლის. საქართველომ უნდა შეძლოს ღია და გამჭვირვალე არჩენვები ჩაატაროს, რათა ხალხს ქონდეს თავისუფალი არჩევანი.“– ამბობს კრამერი. მისი აზრით ხელისუფლების მხრიდან დათმობა საერთაშორისო ჩართულობამ განაპირობა, რადგან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები მაშინვე გამოვიდნენ და თქვეს, რომ რვა მარტის შეთანხმება მოიცავდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხსაც. ექსპერტი საქართველოს ხელისუფლების შესაძლო სანქცირებაზეც საუბრობს:

“ მე მახსენდება ბელორუსის შემთხვევა 2006/2008 წლებში, როდესაც მე ვიყავი სახელმწიფო დეპარტამეტში. ჩვენ დავუწესეთ ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები იმისათვის, რომ მას გამოეშვა პოლიტპატიმრები. მაშინ მან ნაწილი გაათავისუფლა, მაგრამ რამდენიმეს არ უშვებდა. მათ შორის იყო ალექსანდრე კაზულინი და ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეწესებინა სანქციები ლუკაშენკოსთვის.  ლუკაშენკოს შემთხევაში იყო ორივე ეტაპის სანქციები, ეს იყო პერსონალური,  ვიზების შეჩერება და ანგარიშების გაყინვა. ეს ეხებოდა ინდივიდებს, თავად ლუკაშენკოს და მის გარემოცვას. და რაც მთავარია ეს იყო არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროკავშირთან კოორდინირებული სანქციები. სანქციები დაუწესდათ ბელორუსულ კომპანიებს და საწარმოებს, მათ შორის ბელორუსნეფტს. ზეწოლა ხორციელდებოდა იმისათვის, რომ პოლიტპატიმრები გამოეშვა ლუკაშენკოს. ასე რომ, ეს სანქციები, მიმართული იყო ორივე მხარეს, იმისთვის რომ ზეწოლა ყოფილიყო სრულყოფილი.

რაღა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არის სანქციები და მე იმედი მაქვს, არც დაგვჭირდება. მე მტკივა, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, თუმცა არის პლახატნიუკის მაგალითიც, როდესაც მას კორუფციის გამო დაუწესდა სერიოზული შეზღუდვები, ასე რომ ქართულ ოცნებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ყველაფერი რიგზე არ არის, სანქციების პრეცედენტი რეგიონში უკვე არსებობს.