“ქართულ ოცნებაში ყოფნისას ჩუგოშვილმა რამდენჯერმე დამირეკა და გაჩუმება მთხოვა “— ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილს, თქმით, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და მწვავე თემებზე გაჩუმება სთხოვა:

“იყო პერსონალურად მისგან ჩემთან ზარები და არა სხვებისგან, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ მოსწონდა რაც საბჭოში ხდებოდა, ხმაური იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს იყო ზარებით, რამდენიმე ზარი იყო. გაჩუმდი თუ შეიძლება, თუ შეიძლება არ იყოს ხმაური, არ მოსწონთ ეს ხმაური ( ალბათ ქართულ ოცნებაში, არ ვიცი) როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა და მიღებული რეფორმა გავაკრიტიკე საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ მითხრა, რომ შენ ვინც აგირჩია, იმ ხალხს რატომ აკრიტიკებო, ცოტა უხერხულია ესო, ასეთი მორალი აქვს ალბათ თვითონ, რომ ვინც აგირჩევს იმის მიმართ მონური დამოკიდებულება უნდა გქონდეს.”ეს იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. მას შემდეგ მან ჩემთან ურთიერთობა თამუნას შეწყვიტა, Facebook-ზეც წამშალა, ამ დონეზეც შეუძლია თურმე პოლიტიკოსს მოიქცეს. არ მოეწონა ალბათ ის, რასაც საბჭოში ვაკეთებდი”, — თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა პალიტრის ეთერში.

ჯანეაზაშვილი ამბობს, რომ სამწლიან კარიერაში ვერ გაიხსენებენ ისეთ ფაქტს, როცა რამე დათმო, კომპრომისი ჰქონდა ვინმესთან.

ნაზი ჯანეზაშვილი ბოლო დღეებში ღიად დაუპირისპირდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, წარსულში მის თანამებრძოლს ანა დოლიძეს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით მის თანამდებობასთან შეუთავსებელი პოლიტიკური საქმიანობა წამოიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება გაიზიარა ნაზი ჯანეზაშვილმაც და თქვა, რომ ანა დოლიძის საქმიანობა შეუთავსებელია მის თანამდებობასთან. დღეს ანა დოლიძემ ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ჟურნალისტების კითხვაზე მან თქვა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა კლანის წარმომადგენლების ბრალდებებს იმეორებს და ის თავის დროზე იუსტიციის საბჭოში ქართული ოცნების მხარდაჭერით მოხვდა.

ჯანეზაშვილი ამ ბრალდებაზე ამბობს, რომ ის იუსტიციის საბჭოში არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ევროპულმა საქართველომაც აირჩია და ორივე პარტიისგან ჰქონდა მხარდაჭერა. მისი თქმით, საბჭოს წევრი აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

ჯანეზაშვილის ბრალდებებს პალიტრის ეთერშივე უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა:

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ მე დიდი როლი მაქვს შესრულებული ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთადერთი მიზეზი მქონდა, რის გამოც მას მხარს ვუჭერდი ანუ მეგონა, ვთვლიდი ყოველ შემთხვევაში, რომ ის არ მოექცეოდა ასე ვთქვათ პოლიტიკური გავლენების ქვეშ და მთავარი არგუმენტი, რაც მე ასე ვთქვათ მის მხარდამჭერად მაქცევდა იყო ის, რომ მინდოდა, რომ, როგორც დამოუკიდებელი წევრი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა პოლიტიკურ გავლენებს, ასეთი წევრი ჰყოლოდა საბჭოს, მაგრამ ნუ, ახლა რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა, რომ შევცდი თავის დროზე მის შეფასებაში“ – თქვა ჩუგოშვილმა.