ქვეყნები, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით ოპოზიციას და მედიას ებრძვიან

მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ზოგიერთი მთავრობა ცდილობს კორონავირუსთან ბრძოლა საბაბად გამოიყენოს ოპოზიციასთან და არაკონტროლირებად მედიასთან საბრძოლველად და საკუთარი უფლებამოსილებების მეტისმეტად გასაფართოებლად იყენებენ. ბიბისი ამ ქვეყნების ჩამონათვალს გვთავაზობს:

აზერბაიჯანი

19 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ  “მეხუთე კოლონამ“ და “ქვეყნის მოღალატეებმა“ შესაძლოა კორონავირუსის პანდემიით ისარგებლონ პროვოკაციების განსახორციელებლად. მან ოპოზიცია არეულობის და პანიკის დათესვის მცდელობაში დაადანაშაულა.

აქედან ორ დღეში ოპოზიციური პარტიის–აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით.

25 მარტს 10 დღით დააპატიმრეს ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური ალტერნატივის წევრი არასტუნ ბახშალიევი. ოფიციალური მიზეზი პოლიციისადმი წინააღმდეგობა იყო, სინამდვილეში კი მისი პარტიის წევრების თქმით ხელისუფლებას სავარაუდოდ “პანიკის გამომწვევად“ მისი ერთ–ერთი ფეისბუქ სტატუსი მოეჩვენა.

დააკავეს კიდევ ერთი გამორჩეული ოპოზიციონერი – ტოფიკ იაგუბლუ. პოლიციის ვერსიით იაგუბლუ თავს დაესხა ადამიანებს, რომლებიც მის გაჩერებულ მანქანას ავტომობილით შეეჯახნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე გამოხატავენ შეშფოთებას აზერბაიჯანში დაწყებული დაპატიმრებების სერიის გამო.

სომხეთი

16 მარტს სომხეთის ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი და მედიისთვის რიგი შეზღუდვები შემოიღო.

ახალი წესების მიხედვით ნებისმიერი პუბლიკაცია, რეპორტაჟი და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტიც კი კორონავირუსის შესახებ უნდა შეიცავდეს მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და “მთლიანად ასახავდეს ოფიციალურ ინფორმაციას“, იგულისხმება , რომ ეს ინფორმაცია რედაქტირების გარეშე უნდა გავრცელდეს.

ოფიციალური წყაროების მოშველიების გარეშე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მედია ვალდებულია ამ საკითხზე აუცილებლად გამოაქვეყნოს ოფიციალური განცხადება ან უარყოფა გამოქვეყნებიდან ორი საათის განმავლობაში.

გარდა ამისა, პოლიცია ხშირად ახდენს ზეწოლას ჟურნალისტებზე, რომლებიც კორონავირუსის თემას აშუქებენ. ადგილობრივი გაზეთის, ჟამანაკის რედაქტორი მარინ ხარატიანი ყვება, რომ პოლიცია მასთან სახლში მივიდა და მოთხოვა ფეისბუქიდან პოსტი წაეშალა, რომელშიც წერდა, რომ მისი ინფორმაციით ქარხნების ხელმძღვანელები თანამშრომლებისგან მოითხოვდნენ დაავადების სიმპტომების მიუხედავად სამსახურში გამოცხადებულიყვნენ.

სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია იძულებული გახდა ამოეღო სტატია, რომელშიც სიენენის ინფორმაცია იყო ციტირებული იმის შესახებ, რომ ირანში ყოველ ათ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპება.

სომხეთის ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკეს ეუთომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.

ამის შემდეგ ერევანი ნაწილობრივ დათმობებზე წავიდა. ხელისუფლებამ მედიას უფლება მისცა გამოაქვეყნონ კორონავიურსის თემაზე საერთაშორისო ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

ყველა ეს შეზღუდვა მხოლოდ კორონავირუსის თემატიკას ეხება. სხვა თემებზე მომზადებული მასალები ცენზურას არ ექვემდებარება.

ყირგიზეთი

ყირგიზეთში 107 დაავადებულია რეგისტრირებული და ქვეყანაში საგანგებო რჟიმი მოქმედებს. ზოგიერთ რეგიონში კი რეჟიმი უფრო მკაცრია და დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს.

შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსის მოძრაობა, შემოღებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია ქალაქების და რაიონების ფარგლებს გარეთ გასვლა.

ბიშკეკის ცენტრში გავლა მხოლოდ სპეციალური საშვებით შეიძლება. თავიდან ხელისუფლება პირობას დებდა, რომ შეზღუდვები ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ შეუშლიდა, თუმცა საბოლოოდ არასახელისუფლო მედიას საშვების გაცემაზე უარი უთხრეს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პასუხისგებაში მიეცემიან ჟურნალისტები, ვინც “ქვეყანაში სიტუაციას ძაბავენ“.

ბელორუსი

152 დაინფიცირებული და 1 გარდაცვლილი. სპეციალური შეზღუდვები ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.

ერთი კვირის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს უბრძანა გაარკვიოს იმ ინფორმაციის წყაროები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით “პანიკას თესავენ.“

მან მოუწოდა უშიშროებას “კარგად ჩამოუარონ და მიხედონ იმ სატებს და არხებს, რომლებიც ფეიკებს ავრცელებენ და ხალხს წამლავენ“.

ამასთან, ბელორუსის მედიას პრობლემები ექმნება კორონავირუსთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაში. ადგილობრივმა ჟურნალისტურმა ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა ყოველდღიურად მიაწოდონ ჟურნალისტებს ინფორმაცია ეპიდემიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლებამ ამ ინიციატივას იგნორირებით უპასუხა.

გარდა ამისა, ლუკაშენკო არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად გადაავადოს 2020 წლის აგვისტოსთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები. ის ამის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა ოპოზიციამ რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები გადადო კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

თურქეთი

10 827 დაინფიცირებული და 168 გარდაცვლილი. 18 პროვინციაში კარანტინია გამოცხადებული.

300–ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს სოციალურ ქსელებში კორონავირუსთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამო.

ამასთან, პოლიცია ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ ჟურნალისტებზე. მაგალითად, ამ დღეებში დააკავეს სატვირთო მანქანის მძოღლი, რომელმაც საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის შეკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები იყო გაკრიტიკებული.

პოლიციამ დააკავა ანკარელი ექიმი გიულე ჩინარი, რომელმაც ტელეფონით გადაიღო და ინტერნეტში დადო სტაჟიორებთან მისი საუბრის ვიდეო, რომელშიც იმაზე ლაპარაკობდა, რომ მისი აზრით ხელისუფლება დაავადებულთა რიცხვს ხელოვნურად ამცირებს. ხელისუფლებამ ექიმი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, ექიმმა კი დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საკუთარი სიტყვების გამო ბოდიშს იხდიდა.

თურქული ოპოზიცია ხელისუფლებას კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებს.

უნგრეთი

492 დაინფიცირებული და 15 გარდაცვლილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განსაკუთრებული ვითარება იმისთვის გამოიყენა, რომ ორშაბათს პარლამენტში გაიტანა კანონი, რომელიც მის მთავრობას განსაკუთრებულ უფლებებს განუსაზღვრელი დროით ანიჭებს.

ამ კანონით ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს, ამ პერიოდის განმავლობაში კი მთავრობას შეუძლია ქვეყანა პარლამენტის მონაწილეობის გარეშე მართოს და ყველა გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს.

კანონით გათვალისწინებულია 1–დან 5 წლამდე პატიმრობა პანდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, თუ ის ხელისუფლებამ დეზინფორმაციად ჩათვალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ზომები ორბანის მორიგი თავდახსმაა მედიის თავისუფლებაზე. პეტიციას ახალი კანონის წინააღმდეგ 100 ათასზე მეტმა უნგრელმა მოაწერა ხელი.

ოპოზიციური პარტია იობიკის ლიდერი აცხადებს, რომ ეს კანონი მთელ უნგრულ დემოკრატიას კარანტინში სვამს.

ჩინეთი

81 518 დაინფიცირებული და 3305 გადაცვლილი. კარანტინის რეჟიმი ზოგიერთ პროვინციაში.

ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის გარვცელების პირველივე დღეებიდან ცდილობს ქვეყნის შიგნით ინფორმაციის მთელი ნაკადი აკონტროლოს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ჩინეთში ცენზურას სოციალური ქსელების მესიჯებიც კი ექვემდებარება.

ჩინეთში პოპულარული ვიდეოტრანსლაციების პლატფორმამ YY–მ კონტენტში საკვანძო სიტყვების ცენზურა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ექიმებმა გაავრცელეს ინფორმაცია უხანში ატიპიური რესპირატორულ–ვირუსული ინფექციის გაჩენის შესახებ. ერთ–ერთი ასეთი ექიმი იყო ლი ვენლიანი, რომელმაც კოლეგებს ახალი ვირუსის შესახებ შეატყობინა. მალვე ლი პოლიციაში გამოიძახეს, მოთხოვეს პანიკის დათესვა შეეწყვიტა და საჯაროდ ბოდიში მოეხადა. მოგვიანებით ექიმი კორონავირუსით დაავადდა და 7 თებერვალს გარდაიცვალა.

ცენზურას ექვემდებარება ჩინეთში ყველაზე პოპულარული მესენჯერი– WeChat. ორგანიზაცია Citizen Lab–მა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ჩატში პროგრამულად აკრძალულია 500–ზე მეტი სიტყვათშეთანხმება, რომლებიც კორონავირუსის თემას უკავშირდება. ზოგიერთი ექაუნთი საერთოდ გაუქმდა, მათ ავტორებზე კი თვალთვალი დაწესდა.

თებერვალში უხანში მცხოვრები ორი აქტივისტი გაქრა, რომლებიც  ეპიდემიის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს ინეტრენტით ავრცელებდნენ. მათი კვალი ჯერჯერობით არ ჩანს.

ხელისუფლება მოქალაქეებზე თვალთვალისთვის ახალ აპლიკაციას, Ant-ს იყენებს, რომელიც ტელეფონში ჩატვირთვის შემდეგ მოქალაქის შესახებ სრულ ინფორმაციას  იღებს და აანალიზებს.

აპლიკაცია ყოველ მომხმარებელს წითელ, ყვითელ ან მწვანე QR კოდს ანიჭებს. საოფისე შენობებში, სახლებში, სავაჭრო ცენტრებში და საცხოვრებელ სახლებში შესასვლელად ამ აპლიკაციის ჩვენებაა აუცილებელი.მწვანე კოდი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. ყვითელი კოდი ერთკვირიან თვითიზოლაციას ნიშნავს. წითელი კოდის მფლობელებს კი ორკვირიან კარანტინში უშვებენ.

მაგალითად, ჯანჩჟოუს პროვინციაში მოქალაქეებისგან მოითხოვენ ეს აპლიკაცია სმარტფონებზე დააყენონ.თებერვლის ბოლომდე პროვინციის მოსახლეობის 90%–ს, ანუ დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს ასეთი კოდი ქონდა მინიჭებული. მათგან მილიონზე მეტმა წითელი კოდი მიიღო. უცნობია რა პრინციპით ენიჭებათ მოქალაქეებს კოდები.

დასავლური მედია წერს, რომ სამომავლოდ ეს აპლიკაცია შესაძლოა ჩინეთის ხელისუფლების ხელში მოქალაქეებზე თვალთვალის მთავარ იარაღად იქცეს.