ქვეყნები, სადაც Covid19 ჯერ არ დაფიქსირებულა

სამი თვის წინ ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არსებობდა ჩინეთი იყო. არცერთი შემთხვევა ქვეყნის გარეთ იმ დროისთვის აღმოჩენილი არ იყო. 13 იანვრიდან კი ვირუსი გლობალური პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა ჩინეთის გარეთაც, ტაილანდში დაფიქსირდა. მას მალევე მიჰყვნენ იაპონია, სამხრეთ კორეა და აშშ.

მას შემდეგ კი კორონავირუსის ეპიდემია მალევე მოედო მთელ მსოფლიოს და ნამდვილ აფეთქებად იქცა. ამჟამად მთელ მსოფლიოში, ნეპალიდან ნიკარაგუამდე მილიონზე მეტი ინფიცირებულია დარეგისტრირებული. იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, გადავსებულია საავადმყოფოები. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა დედამიწაზე ადგილი, სადაც კორონავირუსმა ჯერ ვერ შეაღწია.

გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს.

ამ დროისთვის კორონავირუსი 205 ქვეყანაშია გავრცელებული , აქედან 193 გაეროს წევრია.

არსებობს 18 ქვეყანა და ტერიტორია, რომლებსაც  Covid-19–ის შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით არ განუცხადებიათ. ესენია:

კამორის კუნძულები, კირიბატი, ლესოტო, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, ჩრდილოეთ კორეა, პალაუ, სამოა, სან–ტომე და პრინსიპი, სოლომონის კუნძულები, სამხრეთ სუდანი, ტაჯიკეთი, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, ვანუატუ, იემენი.

ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ აქედან ზოგ ქვეყანაში სავარაუდოდ კლორონავირუსის შემთხვევები არსებობს, თუმცა დაურეგისტრირებელი. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად ნული შემთხვევა ფიქსირდება, ისევე, როგორც ომისგან დაზარალებულ იემენში, რაც ნაკლებ სავარაუდოა.

თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ვირუსი დიდი ალბათობით მართლაც ვერ მოხვდა. მათი უმრავლესობა პატარა კუნძულ–სახელმწიფოებია ვიზიტორების მცირე რაოდენობით.  მათი ცხოვრების წესი ისედაც პრაქტიკულად თვითიზოლაციას უტოლდება.