ქრისტე აღდგა თუ აღსდგა?! – გურამ დოჩანაშვილის პასუხი კითხვაზე

ქრისტე აღდგა თუ აღსდგა?! – ეს კითხვა, ყოველ წელს აღგდომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება და საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია რომ სწორი ფორმაა აღდგა, მეორე ნაწილი კი თვლის რომ არის აღსდგა.

სინამდვილეში რომელია სწორი?

აღდგა – სწორია თუ საკითხს, ქართული ენის წესებით მიუდგებით. ბგერა “ს” რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი (პირის ნიშანი -ს მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ). შესაბამისად, “ს” ბგერის დართვას არ საჭიროებს.

აღსდგა – არის ასევე სწორი ფორმა, მისი გამოყენება  ხანგრძლივი საეკლესიო ტრადიციაა. ამდენად, რჩება მხოლოდ მორწმუნის სუბიექტური არჩევანის საკითხი.

თუ რომელი ფორმაა სწორი, დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, ქართული ენის წესებით მიუდგებით საკითხს თუ გრამატიკულ ნორმაზე მაღლა დააყენებთ სასწაულის მნიშვნელობას.  არჩევანის გაკეთება თქვენი სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარეობს.

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა?! – მწერალი გურამ დოჩანაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით :

“ – აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა – აღუდგინა?! – ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.

– სამპირიანი – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი – აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).

– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!

– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..

– უფრო მოკლედ, – არ ვეშვები.

– აღიდგინა სიცოცხლე..

– კიდევ უფრო მოკლედ?!

– აღიდგინა…

– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..

– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი

– აღსდგა.

– აღდგა?

– არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).

ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..

– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..

– დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!”

აღსანიშნავია, რომ აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც. “სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).

“მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).“არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).