ქუთაისში მიკროსაფინანსოს სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და ნახევარ მილიონამდე ლარი მოიპარეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს.  უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. მათ ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები მოიპარეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესის” ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.