ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია ენმ-ს ლანძღვა იყო, ახლაც ეგ არის – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია იყო და იქნება ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა.

“ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომლის ერთადერთი ფუნქცია იყო, რომ უნდა ეყვირა, რაც შეიძლება ხშირად სისხლიანი 9 წელი და უნდა ელანძღა ნაციონალური მოძრაობა. ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ეს ადამიანი პრემიერობის დროს პოლიტიკურად გაიზარდა ან დაიხვეწა, ან უფრო ძლიერი პოლიტიკოსი გახდა პრემიერობის დროს. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას შეიძლება ახლა ჰქონდეს ისევ არის ეგ…”,– ამბობს ჯაფარიძე ფორმულას ეთერში.

მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცებას ქართული ოცნება ჩქარობს.

ფაქტია, რომ ჩქარობენ, ღარიბაშვილის დასახელებაც სიჩქარის შედეგია. მე მოლოდინი მაქვს, რომ ამ პროცედურებს, რომელიც გასავლელი არის მთავრობის დასამტკიცებლად პარლამენტში, დაჩქარებული წესით გაივლიან. ეს იქნება 2-3 დღის ამბავი. მერე უკვე ღარიბაშვილის გადასაწყვეტი იქნება, რას შვრება კონკრეტულად მელიასთან მიმართებაში. არ მჯერა, რომ სანამ ღარიბაშვილი დამტკიცებდა პრემიერად, მანამდე ვინმე აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მიიღებს გადაწყვეტილებას მელიაზე… მანამდე ეს საკითხი იქნება დაპაუზებული. მერე ძალიან სწრაფად გამოჩნდება, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული იმას [ივანიშვილს], ვინც დანიშნა ღარიბაშვილი პრემიერად”,– ამბობს ჯაფარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ ჯერა, რომ ოცნების შიგნითაც არსებობენ ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ღარიბაშვილი რეფორმებს გაატარებს და ქვეყანას წინ წაწევს.