ყველასთან დაპირისპირების და მარტო დარჩენის პრობლემა არ მაქვს – ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე რუსთავი 2–ის ეთერში მისი შეფასებით გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაიღალა. მისი თქმით, მზად არის მარტო დარჩეს და ყველას დაუპირისპირდეს, მათ შორის საკუთარ თანაგუნდელებს.

“მე პირადად დავიღალე. მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება, ხმას მოგცემთ, ბატონო გრიგოლ, მაგრამ ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, რომ ამ ადამიანებს მე პირადად ვატყუებ 2017 წლიდან. მე აღარ შემიძლია ამის მოთმენა. თუ მარტო დარჩენაა საჭირო, რომ ეს ხმამაღლა თქვა, მე ამას ხმამაღლა ვამბობ. თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინატიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ და საინტერესო ცხოვრება მაქვს. სულაც არ მაქვს პრობლემა, რომ საერთოდ დავუპირისპირდე ყველას, თუ აღმოჩნდა, რომ მე უმცირესობაში ვარ, არამარტო საკუთარ პარტიაში”,– აცხადებს ვაშაძე.

ის ქართველ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ ერთმანეთთან ლაპარაკი ვერ ისწავლეს.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქართველი პოლიტიკოსები საზოგადოების დიდ ნაწილში უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ერთი და იგივე წრეზე დადიან.