ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას.

,,ჩვენ მოვისმინეთ კელი დეგნანის ეს განცხადება. ყურადღებით ვისმენთ და ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან. მთავარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი.

ჩემი პასუხი იქნება ამ ფორმით, მეტ სიღრმეში ვერ შევალ, ვისმენთ კონკრეტულ მოსაზრებებს და ჩვენი ამოსავალი პრინციპია იმ გამოწვევების შესაბამისად მოქმედება რომელიც შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში“, – თქვა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეაფასა და თქვა, რომ ეს “ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებას”. მისივე აზრით, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა.