ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“ – ვოლსკი „გირჩზე”

“ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს”- – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გირჩში“ მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებებს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „გირჩი“ თავისი შინაარსით დესტრუქციული ძალაა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა. თავისი შინაარსით, პათოსით და ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროსტიტუციით ფული იშოვო და მოუწოდებენ ახალგაზრდებს ამისკენ, ასევე ნარკომანიით შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ თავის თავს. თვითონ მაგალითს აძლევდნენ და ამ ჯანმრთელობის სერიოზულად დამთრგუნველი ნაბიჯების გამკეთებლები თვითონ არ არიან და თავის ოჯახებშიც ასეთ რამეს არ ისურვებდნენ. ამ ორ მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან, ხმელეთზე არიან მოკალათებული და თბილად გრძნობენ თავს. ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ ერთმანეთს, არ ვიცი“,- განაცხადა ვოლსკიმ.