ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში,თუ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავს–მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

“კონკრეტული საქმიანობები, რომელთა აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით იყო დაგეგმილი, ცოტა წინ გადმოვწიეთ და ეს ეხება სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობას, ავტოტექმომსახურებას და ავტოსამრეცხაოებს, რაც განსაკუთრებით აწუხებდათ ჩვენს მოქალაქეებს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ.

„ყველა ეს ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა იმ პირობებში თუ ისინი დაიცავენ ჯანდაცვის  სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, პერიოდულად შეამოწმებენ, რამდენად იცავენ ეს ობიექტები სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.