ყოველი საათი, რომელშიც არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს, რომ ვაქცინები წავა სხვაგან – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მალტის ხელისუფლებისთვის ოფიციალური მიმართვის წერილის გაგზავნა დღესვეა აუცილებელი, თორემ  ვაქცინები სხვაგან წავა.

“ფაქტია, რომ დევნილმა პრეზიდენტმა, დევნილობაში, დადო შედეგი, რომელიც ვერ დადო საქართველოს მთავრობამ. არანაირი მოლაპარაკებები მათ არ უწარმოებიათ, ისინი ფაფხურობენ უკვე მიღწეულ შედეგზე. აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიმართვა გაიგზავნოს დღესვე. ყოველი საათი, რომელშიც ჩვენ არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს იმას, რომ ეს ვაქცინები წავა სხვაგან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იშოვა ეს ვაქცინა და ახლა საჭიროა მათი ჩამოტანა. თუ დღეს ვერ მივიღებთ დადასტურებას, რომ მიმართვა გაიგზავნა, ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავიღებთ მართვის სადავეებს ჩვენს ხელში და დავაორგანიზებთ, რომ მიმართვა გაიგზავნოს, მაგრამ შესაძლოა, მოქალაქეების მოთხოვნაზე ვაქცინა არ მოგვცცენ, ამიტომ ეს მიმართვა ხელისუფლებამ უნდა გაგზავნოს”, – განაცხადა ჩალაძემ მთავარი არხის ეთერში.

საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.

ამ განცხადებას უპასუხა საქართველოს ელჩმა იტალიაში, კოტე სურგულაძემ და თქვა, რომ მათ  მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია 2020 წლის დეკემბრიდან აქვთ, ხოლო სხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა.