შაქარაშვილის საქმის სკანდალური ვერსია:იყო თუ არა მისი გაუჩინარების ღამეს შემთხვევის ადგილზე კრიმინალური ავტორიტეტი “კაწრო“

მთავარი არხი შაქარაშვილის საქმეზე სკანდალურ ვერსიას ავრცელებს. მთავარის ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს გამოძიების ხელთ არსებულ კადრებს, რომლებიც აქამდე არავის შეუმჩნევია. ნიკა გვარამიამ საინფორმაციო გამოშვების ეთერში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შაქარაშვილის მეგობარი, ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში დააბრუნეს და დიდუბეში ჩამოსვეს, მას ადგილზე მეორე მანქანამ მიაკითხა, იქიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი კი ამირხანაშვილს რამდენიმე წუთი ელაპარაკებოდა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის .

მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

“მთავარის”ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს.

“ჩვენც, ისევე როგორც ყველა ტელევიზიამ პროკურატურის ეს მასალა გამოიყენა იმ ქრონომეტრაჟამდე, ვიდრე ამირხანაშვილი დაიწყებს ქუჩაზე გადასვლას. სინამდვილეში ბრუნდება უკან და როგორც ჩანს გაფრთხილებულია, რომ უნდა დაელოდოს სხვა პირს, მართლაც რამდენიმე წუთში მას მოაკითხავს სხვა პირი, რომელიც გადმოდის ფურგონის ტიპის მანქანიდან. ქუჩაზე გადასვლის იმიტაციაა, ამის შემდეგ ბრუნდება უკან, ამის შემდეგ მიდის ათეულობით მეტრით წინ და იმალება ჩრდილში, რის შემდეგაც აკითხავს სამარშრუტო ტაქსის ტიპის მანქანა და ადამიანი, რომელიც ძალიან გავს ავთანდილ ბილანიშვილს, ეგრეთწოდებულ კაწროს. რომელიც მიდის ამირხანაშვილის დასამუშავებლად კონკრეტული ჩვენების მიცემის თვალსაზრისით. ის მიდის ამირხანაშვილთან და ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება. არავინ ამაზე არ საუბრობს და არ არის დადგენილი ვინ არის ეს ადამიანი.

ჩვენ ამდენი ხანია ვიძახით, რომ ამ საქმეში ჩარეულია ძალიან მაღალი ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილი.ძალიან გვაეჭვებს მისი გარეგნობა.  ახლა მთავარი საკითხია ამ ადამიანის იდენტიფიკაცია. “– ამბობს ნიკა გვარამია და გამოძიებისგან ითხოვს იმის გარკვევას, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ არავინ დაინტერესდა აქამდე მისი პიროვნებით და იმით, თუ რაზე ელაპარაკა ის ამირხანაშვილს და რატომ არ ჩატარებულა მასთან დაკავშირებით არცერთი საგამოძიებო მოქმედება.

“არ ვიცით საერთოდ ამ პიროვნების არსებობის შესახებ. არც ამირხანაშვილი გვეუბნება ვის შეხვდა და რატომ შეხვდა, რატომ ელაპარაკება, ვინ გააფრთხილა რომ ეს ადამიანი აქ მივიდოდა.ჩვენი ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მესამე მანქანა, დაბურულმინიანი ე. წ. მარშრუტკის ტიპის მანქანა და შაქარაშვილის ცხედარი რაღაც პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ამ მანქანაში, სანამ აღმოჩნდებოდა წყალში. ამიტომ განსაკუთრებულ ეჭვს აღძრავს საბარგულიანი მანქანა დაბურული მინებით.

იყო თუ არა ცხედარი ამ დაბურულმინიან მანქანაში და საერთოდ როგორ და რატომ მოხვდა ეს მესამე მანქანა შემთხვევის ადგილზე. გვაქვს ოთხი წუთი, რომელიც ეხება ამირხანაშვილის დამუშავებას კონკრეტული პირის მიერ. და არის ამის ვიდეომტკიცებულება.

მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვერ ვიტყვით. მხოლოდ შეგვიძლია ეჭვები გამოვთქვათ და კითხვები დავსვათ.

რატომ არ არის კაწრო დღემდე გამოძიების ფიგურანტი“- ამბობს გვარამია.

მისი ინფორმაციით ამჟამად კაწრო, ანუ ავთანდილ ბილანიშვილი ამჟამად ისვენებს შოვში დეპუტატ ილია წულაიას სასტუმროში სანსეტ რეზორტში, სადაც კალაძის ოჯახიც ისვენებს.