“შევხედავ, როგორ შემიძლია ოკეანის შემდეგ პატარა მდინარეში ცხოვრება“–თვითიზოლაციამ თეონა კონტრიძე საქართველოში დაბრუნებაზე დააფიქრა

როგორ ატარებს თეონა კონტრიძე თვითიზოლაციას: რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თვითიზოლაციის პერიოდზე, მსოფლიო პანდემიის შესახებ მის მოსაზრებებზე, რუსეთში არსებულ ვითარებაზე მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. ის ამბობს, რომ პროფესიაში გამომუშავებული დისციპლინა ამ პერიოდში ძალიან დაეხმარა. ყოველდღე იღვიძებს 9 საათზე და დღეში 7–დან 9 კილომეტრამდე სახლში სარბენ ბილიკზე დარბის. მისი აზრით დღეს გადარჩენა დისციპლინაშია.

“მოსკოვი შეშინებულია. ისე არა რა თქმა უნდა, როგორც ევროპა, იმიტომ რომ ეტყობა ჩვენ, საბჭოელებს კიდევ სხვა იმუნიტეტი გვაქვს. არც შიმშილის გვეშინია და არც ავადმყოფობის, ჩვენს გენომში ეს სტრესი იმდენად შესულია, რომ ზემოქმედება ვერ მოახდინა ისეთი სიძლიერით და ისეთი ტემპებით, როგორც ევროპაზე, ვერც შთაბეჭდილება.

ხვალ იქნება ერთი თვე, რაც კონცერტი არ მქონია.

15 წლიდან ვმუშაობ და არასდროს ასეთი ფაზა არ მქონია. სქელ წიგნებს დავერიე და დავბდღვენი, საღვთისმეტყველო ლიტერატურას ვკითხულობ იმას, იმას რასაც ვერასოდეს ვერ ვუთმობდი დროს ჩვეულებრივი ყოფის დროს.

ასკეტიზმი ჩემთვის ძალიან ორგანული ამბავია. ბუდისტები.. ინდუისტები… რა მონასტრებში აღარ ვარ ნაცხოვრები. ჩემთვის სიჩუმე და განცალკევება არ არის პრობლემა. აი, უმუშევრობაა დიდი პრობლემა.

მე მაქვს დანაზოგი და  უფულობის შიში მაინც არ მაქვს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ყოველთვიურად ჩემს შვიდ ბიჭს, ჩემს მუსიკოსებს გადავურიცხო ფული. და ყველა მომღერალმა, ვისაც აქვს დანაზოგი ეს უნდა გააკეთოს,  იმიტომ რომ ეს არის გადარჩენა. იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ შეიძლება პირში ლუკმა ჩავიდო, როცა ჩემი ბასისტი, ჩემი საქსაფონისტი, რომლებიც ჩემთან არიან 2002 წლიდან და გაიარეს ყველაფერი, ამხელა სიყვარულით, ამხელა პატივისცემით, როგორ შეიძლება ამ დროს მე ისინი დავივიწყო.

მუსიკოსები და ხელოვანი ადამიანები სპირიტუალური ასპექტით ვუდგებით ამ ყველაფერს, სხვა ვერტიკალში ვართ და გამომდინარე აქედან ვხვდებით, რომ ეს არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური და ფარმაცევტული ომი. ეს არის სპირიტუალური ფრონოტი და ყველა ამას ძალიან კარგად ვხვდებით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

მე როგორც მუსიკოსი და არა მარტო მუსიკოსი, არამედ პროდიუსერი ვეტყოდი ჩემს კოლეგებს, რომ როგორც გული მიგრძნობს მომავალი არის პატარა ფორმის. პატარა ფორმაში გადავალთ ალბათ უფრო. ალბათ უფრო გაიხსნება ხელოვანი, რამეთუ  ფული არ იქნება ფიზიკურად რაღაც დიდი პერიოდი. ამიტომა ტვინი იფიქრებს სხვა მიმართულებით.

ჩვენ ძალიან გავთამამდით ივენთებით. მე მთლიანად გადავინაცვლე ივენთ ბიზნესში ჩემზე ბეტ მიდლერმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე უიტნი ჰიუსტონმა. მე მომღერალ კომიკად უფრო ვგრძნობ თავს, ვიდრე რაღაცა , ჯაზის და სოულის შემსრულებლად, ეს მე აღარ მაინტერესებს. მე კაბარე ვარ.

სულ მინდოდა რომ ჩემი კაბარე მქონოდა და დადგება ახლა ალბათ ის დრო, როდესაც ჩვენ დავიწყებთ კაბარეზე ფიქრს, იმიტომ რომ პოსტმოდერნიზმი იმარჯვებს. ექნება დიდი ადგილი ცინიზმს, პოლიტიკურ სატირას.

რაღაც იბადება ისეთი, რაც ერთის მხრივ საშიშია ბევრისთვის და მეორეს მხრივ დაბრიდავს ბევრ რამეს, რაც აქამდე უნდა მომკვდარიყო.

გემოვნების მხრივ უკეთესობისკენ წავალთ. როდესაც ფული აღარ იქნება. რაც ნაკლები ფულია ქვეყანაში, მით უფრო მეტი გემოვნებაა.

როდესაც ფული გეგულება, ფიქრობ იმაზე ის ფული როგორ ჩაიგდო ხელში და შენს რეპერტუარსაც და შენს ქმედებასაც ადაპტაციას უკეთებ. და როდესც ფული ფიზიკურად არ არის, შენ ფიქრობ შენს რესურსზე და იმაზე, რა გინდა, იმიტომ რომ ფული მაინც არ არის.

ყველაზე დიდი ბედნიერება რუსეთის ცხოვრებაში რაც მოხდა, მოხდა ის, რომ ბარელი დავარდა, დაენარცხა, დედა ეტირა.რუსეთი  ყოველთვის ბუნებრივ რესურსზე იყო დამოკიდებული, რუსეთს ღმერთმა მისცა ყველაფერი გემოვნების გარდა. საქართველოს არაფერი არ მისცა გემოვნების გარდა.

ერთი თვის განმავლობაში რაზეც ვფიქრობთ მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები არის საქართველოში წამოსვლა. ყოველთვის ვფიქრობდით, მაგრამ როდის დადგებოდა დრო არ ვიცოდით.

მე ჩემი ინტელექტუალური ინვესტიცია, ჩემი გამოცდილება, ყველაფერი, რაც დაგროვილი მაქვს მინდა რომ საქართველოს მოვახმარო, მინდა რომ გადავცე ხალხს რაც მე ვიცი.

გაიხსნას საზღვრები, დავფიქრდეთ მაგ თემაზე როგორ შემოვძვრეთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით პროგნოზები ცუდია მაგ თემაზე, საზღვრების გახსნაზე და ჩვენ დავიძვრებით და შევხედავ, როგორ შემიძლია ოკეანის შემდეგ პატარა მდინარეში ცხოვრება. ძალიან გადაჩვეული ვარ, ჩვიდმეტი წლიდან წასული ვარ ბაბილონში.“– ამბობს თეონა კონტრიძე.