“შეიზღუდოს ოლიგარქის არაფორმალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე” – აშშ–ს პირობა საქართველოს დახმარებისთვის

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შეტანილ დოკუმენტს განმარტება დაერთო. კომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ნიტა ლოუის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოსათვის გამოყოფილ დახმარებაზე და ასევე ამ დახმრების 15%-ის შეჩერებაზე, რაც დამოკიდებული იქნება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე.

“ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა, არ გადაეცეს საქართველოს მთავრობას, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და ანგარიშს არ წარუდგენს საბიუჯეტო კომიტეტს, რომ მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაფერისობის თაობაზე.

კომიტეტი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემის შექმნისათვის, რომელიც ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის შეთანხმების შედეგია. სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით.”

განმარტებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციით საქართველოს დასახმარებლად უნდა გამოიყოს არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარისა და ეს დახმარება შემდეგნაირად უნდა განაწილდეს:

88 025 000 დოლარი ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან

5 700 000 დოლარი ნარკოტიკებთან ბრძოლისათვის

1 100 000 დოლარი ტერორიზმთან ბრძოლისათვის

2 200 000 დოლარი სამხედრო წვრთნების და გადამზადებისათვის

35 000 000 დოლარი კი საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან.

კომიტეტი სახელმწიფო მდივანს და USAID-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს პრიორიტეტი მიანიჭოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის განკუთვნილ პროგრამებს, რათა ხელი შეუწყონ მთავრობის გამჭვირვალედ და კარგად ფუნქციონირებას.

“რუსეთის მთავრობიდან მომავალი საფრთხე ხაზს უსვამს ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის, აშშ-ს საგარეო მხარდაჭერის გაგრძელებას დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით”. – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი. კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

წყარო: ტაბულა