შეიქმნება 15 მაისის შტაბი და ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს – ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია, 15 მაისის აქციის მოსამზადებელ სპეციალურ შტაბს ქმნის და რეგიონებში ლიდერების გასვლის ორგანიზებას იწყებს.მისი თქმით,  სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ერთად ივლიან რეგიონებში და ხალხს დაარწმუნებენ, რომ ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებული ძალებით ბრძოლა მოიტანს შედეგს.

„რაც შეეხება 15 მაისს, ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ შეიქმნება „15 მაისის შტაბი“. ყველანი, ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას.

დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით და ჩვენ დიდი რაოდენობის ადამიანებს ვნახავთ თბილისის ქუჩებში. რეგიონებში გასვლა უახლოეს მომავალში დაიწყება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.