შეიძლება ენმ-მ დიდუბე-ჩუღურეთში საკუთარი კანდიდატი დააყენოს – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა შეთანხმება დაარღვიოს და მის ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

“შეიძლება ეგრე მოხდეს. ის რომ 2 დღის დაგვიანებით ჩაატარა პარტიამ ბრიფინგი და გააკეთეს განცხადება, შეიძლება ამაზე მიანიშნებდეს. მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ეს უბრალოდ კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ სინამდვილეში ნაციონალურ მოძრაობას გამარჯვება კი არ უნდა იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს გვაქვს, მას უნდა ოპოზიციის შიგნით რაც შეიძლება მეტი ადგილების წაღება, ჩემი აზრით, უსამართლოდ და არასწორად”,- ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ჯაფარიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, გირჩის ლიდერმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა განაცხადა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ხმები.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელი არაფერზე აქვს, რადგან ახლაც ფიქრობ, რომ ნებისმიერი პარტიის ხმაზე მნიშვნელოვანი სიმართლის ლაპარაკია.

23 სექტემბერს, ტვ პირველზე დებატებისას სამადაშვილმა ჯაფარიძეს უთხრა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ენმ-ს მხარდაჭერა გირჩის ლიდერისთვის “საჩუქარია”, ამიტომ მან მადლობა უნდა გადაიხადოს, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა, რომ “ტყუილად ჰგონია, რომ საჩუქარია”. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში არიან გირჩის მხარდამჭერები, რომლებმაც სხვა ოლქებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი.