შეიძლება კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი–პუტინი

რუსული მედია და საინფორმაციო სააგენტოები ვლადიმირ პუტინის კომენტარებს ავრცელებენ იმის თაობაზე, რომ თუკი მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ და ამის საშუალებას მისცემენ, შესაძლოა მან კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი.

რუსეთში, ქვეყნის მასშტაბით, საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმის წესით 25 ივნისიდან 1 ივლისამდე უნდა მისცენ ხმა. მათ შორისაა ცვლილებაც, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს კიდევ ორჯერ, 6-6 წლის ვადით გახდეს რუსეთის პრეზიდენტი მას შემდეგაც, რაც 2024 წელს მისი ახლანდელი მანდატი ამოიწურება.

ოპონენტები ამბობენ, რომ ეს რეფორმა სწორედ პუტინისთვის 2036 წლამდე ძალაუფლების გარანტირებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ ისინი პარლამენტის როლის გასაძლიერებლად, სოციალური პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების გასაუმჯობესებლადაა განკუთვნილი.

“არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ვიყარო კენჭი. კონსტიტუცია ამ ვარიანტს ითვალისწინებს. ვნახოთ”, – თქვა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით. “ჯერ მე თვითონ არაფერი გადამიწყვეტია”, – დასძინა მან.

ცვლილებები, რომლებზეც რუსეთის მოქალაქეებმა აზრი უნდა გამოხატონ, პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცეს. ეს პუტინის აქამდე პრეზიდენტის პოსტზე გატარებულ წლებს, ფაქტობრივად, ანულებს. აქამდე მოქმედი საკონსტიტუციო შეზღუდვებით, ის კიდევ ერთხელ კენჭისყრას ვერ შეძლებდა.

პუტინი, რომელიც ქვეყნის სათავეში ორი ათწლეულია დგას, ახლა 67 წლისაა. პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი ახლა მემკვიდრის ძებნას დაიწყებენ და ის კენჭს არ იყრის, ეს საქმეს დააზარალებს და ყურადღების არასაჭირო გაფანტვას გამოიწვევს. “ეს თუ არ მოხდა, მაშინ დაახლოებით ორ წელიწადში მთავრობის ნორმალური სამუშაო რიტმი შესაძლო მემკვიდრის ძებნით შეიცვლება. მე ეს პირადი გამოცდილებით ვიცი”, – განაცხადა პუტინმა “ინტერფაქსის” თანახმად.

წყარო: ამერიკის ხმა