“შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო“–ზურაბიშვილი ოცნების სიის პირველ ოცეულზე

პუბლიცისტი დავით ზურაბიშვილი ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ოცეულის შემადგენლობას ფეისბუქზე აფასებს. სია ოცნებამ ხუთშაბათს საღამოს წარადგინა:
“სახელდახელო შთაბეჭდილება ოცნების პირველ ოცეულზე,
1. პრაქტიკულად არაფერი იცვლება: იგივე პრემიერი, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე, მაღალი ალბათობთ იგივე მინისტრები. ერთი წულუკიანი გაუშვეს მთავრობიდან. სამაგიეროდ პარლამენტში იქნება ალბათ ქოცების მთავარი დამრტყმელი ძალა ნაცების წინააღმდეგ და იიაზვებს და ისისინებს ჩვეულ სტილში.
2. წინა ხაზს მოაშორეს და ერთგვარად ჩრდილში გადაიყვანეს ის პერსონები, რომლებიც მეტ-ნაკლები ოდიოზურობით გამოირჩეოდნენ: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია. ასევე არსად ჩანან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი და ნინო წილოსანი. არ ვიცი, შეიძლება ოცს იქით მოხვდეს ზოგი მათგანი სიაში, მაგრამ აშკარაა ტენდენცია ამ ასე თუ ისე დისკრედიტირებული შემადგენლობის უკანა პლანზე გადაწევისა. საფუძვლიანი ეჭვი კი მაქვს, რომ ეს ახლებიც ვერ დახევენ მარმაშებსა, მაგრამ ამასობაში დროც გავა.
3. პირველ ოცეულში არ გამოჩნდნენ ათასხუთასლარიანი ექსპერტები და ოცნების სტაჟიანი გამპრავებლები. შესაძლოა მათ ხელფასის გაზრდას დაპირდნენ ორიათასამდე და ეს გეყოფათო, შეიძლება ოცდაათ-ორმოცის მიდამოებში ჩაწერას ან სულაც დაიკიდებას. ყოველ შემთხვევაში წინა ხაზზე მათგან არავინ დასახელდა.
4. თუ არ ვცდები 2016 წლის შემდეგ პირველად, მოკლედ, ყრუდ, გაუბედავად და მოგუდულად, მაგრამ მაინც ითქვა, რომ საქართველოს სურს ნატოს წევრობა. ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა და გაიმეორა კახა კალაძემაც. გასაგებია რომ ეს რევერანსია და ამ მხრივ არ ველი დიდად აქტიურ მოძრაობას მთავრობისგან (სამწუხაროდ), მაგრამ აქამდე ყასიდადაც არ ამბობდნენ ამას და მაინც პლუსში ჩავუთვლი.
ის, რომ თავისთავად ეს შემადგენლობაც არანაირი პოლიტიკური გუნდი არაა და რეალურად მათი ამოცანა იქნება ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილების აღსრულების უზრუნველყოფა, ვფიქრობ არსებული ხელისუფლების კონტექსტში მოცემულობაა. სხვა ფუნქცია ამ სისტემაში პარლამენტს არც ადრე ჰქონია და ოცნების გამარჯვების შემთხვევაში არც ახლა ექნება. თუმცა, მცდელობა ფასადის ერთგვარი გაწმენდისა აშკარაა. ეჭვი მაქვს ესეც ნაცებისგან ისწავლეს.
დასკვნა: არაფერი ახალი. თუმცა, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.“– წერს დათო ზურაბიშვილი.