შემთხვევითობა იყო, თავს დამნაშავედ არ ცნობს – ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წადგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

„დიახ, მას წარედგინა ბრალი 109-ე მუხლით, ეს არის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართს. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, წადგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. დუმილის უფლებას იყენებს. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს“,- აცხადებს ადვოკატი Ipn–თან საუბრისას.

მისივე თქმით, ძმებს სერიოზული კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ და ბრალდებულს ძმის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა.

„ზოგადად ძმებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ამას მეზობლებიც ადასტურებენ, ახლობლებიც და მეგობრებიც, ყველა. სერიოზული კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ ძმებს. ეს იყო შემთხვევითობა, არანარი განზრახვა ძმის მკვლელობის არ ჰქონია“,-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 წლის გიორგი ახლოური მისი ძმის, 19 წლის მიშა ახლოურის  განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით ძმას სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.