შვეიცარიამ საქართველო კორონავირუსის მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

შვეიცარიის მთავრობამ განაახლა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შეყვანილი იქნა საქართველოც.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შემოვლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან გაიარონ 10-დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია.

აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა-10 000 შვეიცარიული ფრანკი.

შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად. დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს.