შვილები მირეკავენ და მეკითხებიან, რა დავაშავე, არ შეგარჩენ – TV პირველის ჟურნალისტი კობახიძეს

TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას, განცხადებით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება  უსმენს.

ჟურნალისტის თქმით, სამართლებრივად ბრძოლას აპირებს.

“ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო. ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე, რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინწინ მათი შეხვედრის ჩაშლა სცადა ქართულმა ოცნებამ და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს.

ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით, სადაც დაახლოებით 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე _ კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე! აი, სულ ეს იყო ამბავი!!! დანარჩენი კი აწი იქნება, ირაკლი კობახიძე.

ახლა, როცა ჩემი პატარა შვილები მირეკავენ და მეკითხებიან, რა დავაშავე, როცა დედაჩემი შენი ბინძური და ტყუილებით გაჯერებული განცხადების გამო ცუდადაა, როცა ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, პირდაპირ გეუბნები – არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ. ამით და კიდევ რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ, ვერც იმით ვერ შემაშინებთ”, – წერს გოგელია ფეისბუქზე.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ TV პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია ენმ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს ესაუბრა. კობახიძის მტკიცებით, გოგელიამ საუბარში ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც “აპირებენ არეულობას”.