შიდასახელმწიფოებრივი საქმეა – კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე საზღვრის დემარკაციის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა და საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

მანვე აღნიშნა, რომ პრინციპულად დაუშვებელია, ოპონენტებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ.

“ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ — ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული” — განაცხადა კალაძემ.

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ კომისიის წევრები პოლიტიკური მიზნით დააკავეს და ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიღებაა.