შოკირებული ვარ, რურუას ჯანმრთელობაზე მთავრობა პასუხს აგებს – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმიანება გიორგი რურუაზე გუშინ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში განხორციელებულ თავდასხმას და რურუას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ფოტიგა ევროპელ დიპლომატებს რურუას მონახულებისკენ და სიტუაციის შეფასებისკენ მოუწოდებს.

“უკიდურესად შოკირებული ვარ გიორგი რურუაზე სასტიკი თავდასხმის და ციხეში მისი ცემის ამბით.  საქართველოს მთავრობა სრულიად აგებს პასუხს მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მოვუწოდებ ჯოზეფ ბორელს (ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი) და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, დააყენონ ეს საკითხი. ევროპელმა დიპლომატებმა უნდა მოინახულონ რურუა და შეაფასონ სიტუაცია”, – წერს ფოტიგა ტვიტერზე.

გუშინ მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები ფიზიკურად დაესხნენ თავს. პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალაც.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი თავდასხმას ხელისუფლების მიერ დაგეგმილად მიიჩნევს. მისი თქმით, რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.