შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მაღაზიის მეპატრონე სასმლის ნისიად არმიცემის გამო სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს, თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”,– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.