შსს სათავისო ფრაგმენტებით საზოგადოებას სუიციდის ვერსიისკენ უბიძგებს – ბაქრაძე ბაჩალიაშვილზე

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის აზრით, შსს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის გასაჯაროებით საზოგადოებივი აზრით მანიპულირებას ცდილობს.

“მე პოლიტიკოსი ვარ, არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას რომ გამოძიებაში ჩავერიო და ვერსიები წამოვაყენო, მაგრამ, როგორც ადამიანისთვის, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და საეჭვოა ეს განცხადება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან შერჩევით, ძალიან სათავისო ფრაგმენტების ამოღებით, დაჟინებით უბიძგებს საზოგადოებრივ აზრს იქითკენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.

არ შეიძლება არ გაგახსენდეს მათი პირველი რეაქცია, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ, თურმე, ფსიქოლოგი ჰყავდა თამარს. ფსიქოლოგის ყოლა არ ნიშნავს, რომ ადამიანი თვითმკვლელობისთვის ემზადება. არც ეს ფრაგმენტები არ ნიშნავს ამას”, – ამბობს ბაქრაძე ფორმულასთან.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებრივი აზრის თვითმკვლელობის ვერსიისკენ წაყვანას ცდილობენ, რაც გამოძიების შესახებ საზოგადოებაში მეტ კითხვას აჩენს.

“როდესაც საგამოძიებო უწყება ასე დაჟინებით და სრულიად არაკომპეტენტურად და შერჩევითად გიბიძგებს რაღაც დასკვნისკენ, ეს ყოველთვის ბევრად უფრო მეტ ეჭვს აღძრავს საზოგადოებაში.

როდესაც ასე დაჟინებით მიბიძგებენ, რომ გინდა თუ არა რაღაც ვერსია ვიფიქრო, რა თქმა უნდა, ეჭვი მიჩნდება და პირიქით აღარ ვიღებ იმ ვერსიას და პირიქით მიჩნდება ეჭვი და პროტესტი, რომ ხომ არ არის ეს გაყალბება საქმის და ხომ არ არის ეს არასწორი მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის წაყვანა”, – ამბობს ბაქრაძე.

ცნობისთვის, შსს–მ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ისტორია, საიდანაც, სამინისტროს მტკიცებით, ირკვევა, რომ თამარი სუიციდის მეთოდებს google–ში ეძებდა. უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილი ასევე არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ პროფილს მისი გარდაცვალების შემდეგ. გარდა ამისა, შსს ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის ნაპოვნი წამლები იმ წამლებს ემთხვევა, რომელიც მან 17 ივლისს “დაგუგლა”.