ჩემი შვილი უდანაშაულოა – თბილისშია და ხვალ ან ზეგ მოვა – ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში ტერორიზმში ბრალდებული, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ის თბილისიდან სახლში ხვალ დაბრუნდება.

როგორც ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შვილს ბოლოს 21 ოქტომბერს, შუადღისას ესაუბრა.

“ხვალ ველოდები, თბილისშია. ჩემი შვილი უდანაშაულოა. ხვალ ან ზეგ მოვა.

თვალს ხომ ხედავთ კარგად, არ ემთხვევა, არც ხმა. ბადრი სადაა არ ვიცი. ხვალ ან ზეგ მოვა. ის მოვა ოთხშაბათს, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – ამბობს ტარიელ ესებუა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა. მან 19 მძევალი აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მას მომლაპარაკებელმა ფული მიუანა,ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. გუშინ შსს–მ შეიცვალა მუხლები და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა.