ჩეხეთმა რუსეთი დივერსიაში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი გააძევა

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მათ რუსულ სპეცსამსახურებზე – დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსა და საგარეო დაზვერვაზე მუშაობაში ადანაშაულებენ.

მოსკოვი პასუხისთვის ემზადება. ინტერფაქსი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროს ციტრებს: “როგორც ჩანს, გადაწყვიტეს  მოსკოვში საკუთარი საელჩო დახურონ“– ამბობს ის.

ჩეხეთის პრემიერ მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით ჩეხეთის ხელისუფლებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ“გრუ“–ს ოფიცრები იყვნენ დაკავშირებული 2014 წლის აფეთქებებთან, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც დროებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს, იან გამაჩეკმა თქვა, რომ რუსეთის საელჩოს 18–მა თანამშრომელმა ქვეყანა უახლოესი 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

მან დასძინა, რომ ეს ინციდენტი საფუძვლიანად შეარყევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და რომ წუხს ამის გამო.

“ჩვენ ვართ სიტუაციაში, რომელიც გავს ბრიტანეთში 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის შემდეგ არსებულ სიტუაციას“– თქვა გამაჩეკმა.

2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში “გრუ“–ს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ–პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

სკრიპალების მოწამვლამ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სერიოზული გამწვავება გამოიწვია: შედეგად 300 დიპლომატი ორივე მხრიდან საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. მალე ათობით ქვეყანამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთს და რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა. რუსეთი დანაშაულთან ნებისმიერ კავშირს უარყოფდა.

ჩეხეთის პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ძებნა აქვს გამოცხადებული რუსეთის მოქალაქეებზე, ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვზე მძიმე დანაშაულის გარემოებების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ბოშიროვის გვარის უკან როგორც დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფებმა და მედიამ გაარკვიეს, რუსეთის “გრუ“–ს პოლკოვნიკი, ანატოლი ჩეპიკა იმალება, პეტროვის გვარის უკან კი “გრუ“–ს ოფიცერი ალექსანდრ მიშკინი.

ისინი სკრიპალების სიცოცხლის ხელყოფაში მთავარი ბრალდებულები არიან.

გასულ წელს ურთიერთობები ჩეხეთსა და რუსეთს შორის რიცინის სკანდალის გამო გაუარესდა.

2020 წლის აპრილის ბოლოს ჩეხურმა გამოცემამ დაწერა, რომ პოლიციამ დაცვის ქვეშ აიყვანა პრაღის მერი, ზდენეკ გრჟიბა და პრაღის 6–ე მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელი ონჟეი კოლარჟი ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით ჩეხეთში დიპლომატიური პასპორტით ჩავიდა რუსეთის მოქალაქე, რათა პოლიტიკოსები რიცინით მოეწამლა. გამოცემა ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა. ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ გაზეთის მტკიცებებს ტყუილი უწოდა. სიტუაციას კი ფაბრიკაცია და პროვოკაცია.

როგორც მედია წერდა, კოლარჟმა მოსკოვის რისხვა საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლის დემონტაჟით დაიმსახურა, გრჟიბამ კი პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მოედნისთვის სახელის შეცვლით. მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი დაარქვეს.