ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა – შს მინისტრი 14 წლის გოგოს საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ მისმა სამინისტრომ 14 წლის გოგოს საქმეზე “ყველაფერი გააკეთა, რაც ევალებოდა”.

მისივე თქმით, თუ ვინმეს კითხვა ან პრეტენზია აქვს, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და ნახოს რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

“პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ძალიან მძიმეა. მე ვერ ვიტყოდი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ვისი არ დადგება. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ასე ნუ უკეთებთ კითხვის ინტერპრეტაციას – თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია ან კითხვა, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი შეუძლია შეიტანონ საჩივარი და ნახონ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა”, – განაცხადა გომელაურმა.