ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ მედპერსონალი აიცრება, შემდეგ რისკჯგუფები, “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის” კი ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება.

“რეალისტები თუ ვიქნებით, ეს [ვაქცინა] იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”,– თქვა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს.

იმნაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ლოჯისტიკურად ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზადაა.