ჩინეთმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სამარცხვინო და უზნეო უწოდა

ჩინეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური მონაცემების შესაძლო დამალვის შესახებ აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა პეკინში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ჩინეთი ღია და გამჭვირვალე იყო და მან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის შესაძლო დამალვის შესახებ ეჭვები გამოთქვეს.

„ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული ეს კომენტარები უბრალოდ სამარცხვინო და მორალურად გულის ამრევია. მათ უარი უნდა თქვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ამგვარ პოლიტიზირებაზე. ეს უბრალოდ უზნეო და არაადამიანურია და ამას მთელს მსოფლიოში დაგმობს ხალხო“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობენ თეთრ სახლში. კერძოდ, „ბლუმბერგისთვის“ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის ნაწილი გახდა ცნობილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურმა პეკინმა გამიზნულად დამალა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან. „რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა“,-აღნიშნა პენსმა.

დღესვე, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამაც განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით სანდო არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, აღნიშნული მონაცემები სრული აბსურდია და ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას.