ცესკო საარჩევნო უბნის გახსნას დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს

ცესკოს განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება.

მათი თქმით, უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც.

“ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები”, – აცხადებენ ცესკოში.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში 55 უბანი გაიხსნა და საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში – 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში – 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის – 63 739 ამომრჩეველი.

ცესკო აღნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.