ცინიკოსი რომ ვიყო, ვიტყოდი, მელიას დაკავებაზე უკეთესს ვერაფერს იზამენ-მეთქი – ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ენმ–ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დასავლეთისთვის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება გასულია გონიერების ჩარჩოებიდან.

“ცინიკოსი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ უკეთესს ვერაფერს იზამს ხელისუფლება, თუ არა მელიას დაკავებას–მეთქი. ფაქტობრივად, გამოვა ძალიან სერიოზული დახმარება. ზუსტად ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად გაიგებს ნიკა ამ სარკაზმს.

ხელისუფლება თუ ასეთ სისულელეს გააკეთებს, რომ დააპატიმრებს ადამიანს, რომელსაც ჯერ უსინდისოდ, აბსოლუტურად უსამართლოდ მოუხსნა დეპუტატის უფლებამოსილება, შემდეგ გააგრძელა დევნა, ახლა კიდევ ერთხელ უნდა მოუხსნას და წავა დაკავებაზე, იმ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პლუს, არის გლდანის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ოფისში მოლოტოვის კოქტეილი შეუგდეს და ეს დღემდე არ გამოუძიებია ხელისუფლებას, ეს დასავლეთისთვისაც ძალიან ნათელი ნიშანი იქნება იმისა, რომ ეს ხელისუფლება გასულია გონიერების ჩარჩოებიდან”,– ამბობს ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე შეფასებით, პროკურატურის განცხადება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ოპოზიციის დაშინებას ემსახურება.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება საერთაშორისო სკანდალი იქნება, მისი არდაპატიმრება კი  – ხელისუფლების უსუსურობა, ამიტომ ხელისუფლება ორივე ვარიანტში წაგებულია.

ცნობისთვის, 5 თებერვალს ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.