ცნობადობის და გამოცდილების კუთხით ენმ-ს სია ოცნების სიაზე უკეთესად გამოიყურება – ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე “ქართული ოცნების” სია.

“ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით ეს სია საკმაოდ კარგად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, უკეთესად, ვიდრე “ქართული ოცნების” შესაბამისი სია, იმიტომ, რომ ვინ არიან ეს ხალხი, არ ვიცი. შესაბამისად, სავარაუდოდ, მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ცნობადობა და პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანია საერთოდ და მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს.

გასაგებია, რომ სისტემური ხარვეზი – ანტიმიშას ხარვეზი ყველაზე გადადის. ამიტომ მათ უწევთ არა სუფთა ფურცლიდან, არამედ მინუსებიდან შესვლა. ამომრჩევლისთვის “ნაციონალური მოძრაობის” კომპრომატის ტვირთი რამდენად აწევადი იქნება, არ ვიცი, ალბათ სადღაც შესაძლებელი იქნება, სადღაც -შეუძლებელი. ასე რომ, ამ სიას აქვს თავისი პლუსები, თუმცა აქვს სისტემური პარტიული ხარვეზი, რაც მათ ამოცანას ართულებს”,- განაცხადა ხუხაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

მან წყალტუბო-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანის დაყენებაც შეაფასა. ხუხაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ “ნაცმოძრაობა” ამ ოლქში გიგი უგულავაზე უფრო ცნობად პირს ვერ დააყენებდა, აქცენტი “პარტიული პრობლემების ჩამორეცხვაზე” გააკეთეს.

ცნობისთვის, გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.