ძაღლებმა შესაძლოა კორონავირუსის დადგენა რამდენიმე წამში შეძლონ

საგანგებოდ გაწვრთნილმა ძაღლებმა შესაძლოა კორონავირუსის გამოვლენა შეძლონ. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ ბრიტანელი მეცნიერები და კომპანია, რომელიც ძაღლეს წვრთნის. კომპანიაში აცხადებენ, რომ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები Covid-19-ის გამოვლენას წამებში შეძლებენ. სწორედ ამიტომ ისინი ჯანდაცვის სპეციალისტებს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დიდ დახმარებას გაუწევენ. წარმატების შემთხვევაში ძაღლები რთული მისიის შესრულებას ექვსკვირიანი წვრთნის მერე შეუდგებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ წარმატების შემთხვევაში ასეთი ძაღლების გამოყენება შეიძლება მაგალითად გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტებში. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკულ დაავადებათა სკოლის პროფესორი, ჯეიმს ლოგანი ამბობს, რომ ძაღლებს უკვე შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების აღმოჩენა, როგორებიცაა: კიბო, პარკინსონი თუ სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები. დადასტურებულია, რომ ძაღლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლიათ, უკვე მუშაობენ ადამიანებთან და ეს მათ ცხოვრებას ცვლის.

“გასულ წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელშიც კარგად არის დემონსტრირებული, რომ ძაღლებს შეუძლიათ მალარიის ინფექციასთან ასოცირებული სუნის დადგენა. და ამის გაკეთება მაქსიმალური სიზუსტით შეუძლიათ.

ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ ძაღლებს აქვთ ეს საოცარი უნარი და ყნოსვა. “ – ამბოს ლოგანი.

კომპანიაში  კი აცხადებენ, რომ ძაღლებს კანის ტემპერატურის განსაზღვრა შეუძლიათ, რაც მათ აძლევს საშუალებას დაადგინონ, აქვს თუ არა ადამიანს მაღალი ტემპერატურა. 2007 წლის შემდეგ, რაც კომპანია დაფუძნდა, არაერთი კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც დადასტურებული ვარაუდი აქვთ გამოთქმული, რომ ყველა დაავადებას საკუთარი სუნი აქვს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამონაკლისი არც კორონავირუსი იქნება.

ძაღლების მწვრთნელი, რობ ჰარისი ამბობს:  “ვიცით, რომ ძაღლებს ყნოსვის, სუნის ამოცნობის და მათი დამახსოვრების საოცარი უნარი აქვთ. ასე რომ თუ კორონავირუსს აქვს სუნი, დამახასიათებელი სუნი ჩვენ შევძლებთ მის ამოსაცნობად ძაღლების გაწვრთნას.  “

 

წყარო: ამერიკის ხმა