წავიდა თუ გააგდეს?– ლაშა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ პოსტვ–ში აღარ იქნება

ქართული ოცნების ყოფილი პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეს პოსტი დატოვა და ტელეკომპანია პოსტვ–ს ხელმძღვანელად გადავიდა, ადასტურებს, რომ პოსტვ–ში აღარ არის. ამის შესახებ რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ მან ფეისბუქზე დაწერა:

“ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი… გარწმუნებთ, “პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!“– წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.

პოსტვ–ში ლაშა ნაცვლიშვილი 21 თებერვალს მივიდა. ის ფეისბუქზე წერდა, რომ ტელეკომპანიაში დიდი გეგმებიბი ქონდა:

“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!“– წერდა ნაცვლიშვილი.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლაშა ნაცვლიშვილი პოსტვ–დან გააგდეს. მიზეზად ორი ვერსია სახელდება. ერთის მიხედვით ლაშა ნაცვლიშვილი ეჭვმიტანილია ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელებაში, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი მასზე განრისხებულია.

თუმცა არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომლის მიხედვით ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს მთავარი ავტორი იყო და ბერას ტექსტის ყველა ნიუანსი და ტონი მისი დაგეგმილია. ინტერვიუს ეთერში გასვლისა და  უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქციის შემდეგ კი ლაშა ნაცვლიშვილმა ივანიშვილის გულისწყრომა დაიმსახურა, რის შემდეგაც ის პოსტვ–დან გააგდეს, ტელეკომპანიაში კი ფინანსების შემოწმება დაიწყო.

ფინანსთა პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და უარყო, რომ პოსტვ–ში მათი ჯგუფი შევიდა:

“მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში და არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში საგამოძიებო სამსახური არ არის შესული.მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.“– ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

თუმცა, ინფორმაცია ფინანსების შემოწმების შესახებ შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ოფიციალურ შემოწმებას. პროსახელისუფლო ტელევიზია სანდო წყაროების ინფორმაციით დიდწილად არადეკლარირებული თანხებით ფინანსდებოდა, რომლის დიდი ნაწილი ივანიშვილს ეკუთვნოდა. არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ტელეკომპანიაში მისი ფინანსების ხარჯვის შემოწმებით იყოს დაინტერესებული.