წინა ხელისუფლება წამოეგო რუსულ პროვოკაციას – კახა კალაძე გორელებს

გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ომსა და ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლება “წამოეგო რუსულ ოკუპაციას”. მისი განცხადებით, ნაომარი ქალაქის მოსახლეობამ კარგად იცის “რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს”.

“პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს — სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა”,– თქვა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა.