წუხანდელი ზღვარგადასული რეაქციის შედეგი სავალალო იქნება – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს და სამოქალაქო პროტესტს ეხმიანება.

“პოზნერის ვიზიტზე – თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა”,– წერს კვირიკაშვილი.

ის იმ ეკონომიკურ ეფექტებზე საუბრობს, რაც მისი აზრით, გუშინ მომხდარ ფაქტებს მოჰყვება.

“ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას: არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს – ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს: ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ტურიზმი”,– წერს კვირიკაშვილი.

მისი თქმით, მეხუთე არის არამატერიალური ფაქტორი – ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე, რაც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას.

“უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი – ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად. დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია”,– აცხადებს ის.

ყოფილი პრემიერის განმარტებით, მოსაზღვრე ოთხი ქვეყნიდან ტურისტების პროპორციული შემადგენელი ყველაზე მეტი რუსეთიდან გვაქვს, შესაბამისად, გუშინდელი “ზღვარგადასრული რეაქციის შედეგი “სავალალო იქნება”.

“შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება”,– წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook–ზე.