ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი გადადგა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. გიორგი გურასპაშვილის განცხადება ცოტა ხნის წინ, მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

მისი განმარტებით, თანამდებობას “სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით” ტოვებს და ამბობს რომ “ქართული ოცნების” გუნდის წევრად რჩება.

მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.
სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს – ჩემს ხაშურელებს გამოჩენილი ნდობისთვის, ასევე, ჩემს თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა უკვე ჩემს გარეშე განაგრძობენ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.

ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ, რა თქმა უნდა, ვრჩები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც!”,– აცხადებს გურასპაშვილი.