ჯანმოს ექსპერტები ჩინეთში ჩავიდნენ და კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებას იწყებენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების და შეფერხებების  შემდეგ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში ჩავიდნენ. პეკინი უკვე რამდენიმე თვეა აჭიანურებს მათთან ჯანმოს გამომძიებლების ჩასვლას  ვუჰანში პანდემიის დაწყების მიზეზების შესწავლის მიზნით.

ჩინური მედიის ინფორმაციით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ავტობუსებით ვუჰანში გაემგზავრნენ. 15 სპეციალისტს შორის, ეპიდემიოლოგიის და ცხოველთა შემსწავლელი მეცნიერების სპეციალისტებიც არიან. ისინი ჩინეთში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იმუშავებენ.

პეკინის მოთხოვნით, ჯანმოს ექსპერტები პირველ კვირას კარანტინში გაატარებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის მიზანია ვირუსის წარმოშობის მიზეზებს მიაკვლიონ, დაადგინონ ის, თუ როდის, სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება ადამიანებში და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი პანდემიების პრევენცია.

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ კოვიდ-19-ის გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის ვუჰანის ბაზრიდან გავრცელდა, სადაც ცხოველური საკვები იყიდება.